აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხმამაღლა გაეცინა, როდესაც მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომლის თანახმადაც ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება იანვრის დასაწყისისთვის სურთ.
"მე არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ვადებში. უბრალოდ მინდა, რომ ეს დასრულდეს. იცით, ეს ჩვენ არ გვეხება. სიამოვნებით დავასრულებდი ამას დღესვე, მაგრამ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება", — განუცხადა თეთრი სახლის მეთაურმა გაზეთ New York Post-ის ჟურნალისტს. "ზოგჯერ ჩანს, რომ პუტინი მზად არის, ზელენსკი კი — არა. ზოგჯერ ზელენსკის ძალიან სურს ყველაფრის გაკეთება, პუტინი კი მზად არ არის. ყველაფერი კონკრეტულ დღეზეა დამოკიდებული", — დასძინა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად, იდეალურ შემთხვევაში კი — იანვრის დასაწყისამდე დადებას მოითხოვენ. თუმცა, ამავდროულად, უკრაინისგან მნიშვნელოვან დათმობებს ითხოვენ, მაშინ როცა პუტინი ომის დასრულების მზაობის არანაირ ნიშანს არ ავლენს, — ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. "ჩვენ გვესმის, რა შეიძლება იყოს ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე", — აღნიშნა მან.
როგორც ზელენსკიმ იმავე ინტერვიუში აღნიშნა, კიევი აპირებს იანვარში აშშ-ის კონგრესის ახალ შემადგენლობას მიმართოს თხოვნით, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, თუ დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, 2026 წლის ბოლომდე უკრაინისთვის მისაღები პირობებით შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, კიევი შეეცდება მიაღწიოს ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.