გასულ უქმეებზე ვაშინგტონიდან გავრცელებული რამდენიმე ახალი ამბავი, კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ბევრმა ოკეანისგაღმა მოკავშირეებისგან ზურგში ლახვრის ჩაცემად აღიქვა. თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება რუსული დიზელის შესყიდვის თაობაზე, რაც მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დროებით შესუსტებასაც ითვალისწინებს. როდესაც კიევი ამას მკვეთრი კრიტიკით გამოეხმაურა, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების წარმოების მზაობის უქონლობაში. შესაბამისად, ტრამპის თქმით, უკრაინელებმა სახელმწიფოს ახალი მეთაური უნდა აირჩიონ.
მოგვიანებით, ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ვითომდა შეთანხმებული "ენერგეტიკული ზავის" შესახებ გამოაცხადა. კიევში განაცხადეს, რომ ეს იდეა მათთან არ განხილულა, თუმცა დათანხმდნენ რუსულ ენერგეტიკაზე დარტყმების შეწყვეტას, თუ მოსკოვიც იმავეს გააკეთებს. "ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის და მხარს ვუჭერთ ენერგეტიკული ზავის იდეას. და ახლა, უკვე რუსეთმაც უნდა აჩვენოს, რომ თანახმაა ამ ენერგეტიკულ ზავზე", - განაცხადა 12 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოკავშირით გამოსვლისას.
უსაფრთხოების სფეროში გერმანელი ექსპერტის, მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლო მასალას აზრით, აშშ-დან ბოლო დღეებში მოსულმა ცნობებმა ერთი რამ აჩვენა: "ტრამპი საერთოდ არ არის დაინტერესებული უკრაინის მხარდაჭერით, ხოლო აშშ-ის შიდა პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობები მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია". ექსპერტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების გზით, მთელი ძალებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტის მინიმუმ ერთ პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - შესაძლოა, უმრავლესობა დაკარგოს. სენატში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის დაკარგვაც ასევე რეალისტური სცენარია. ამერიკელი ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან საწვავზე მაღალი ფასებით და პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთიდან მიწოდებების საშუალებით ბაზარზე გავლენის მოხდენას შეძლებს.
თუმცა, მიმომხილველები ილუზიას უწოდებენ ტრამპის იმედებს იმის თაობაზე, რომ რუსული დიზელის მიწოდება აშშ-ში ფასებზე გავლენას მოახდენს, ხოლო საწვავის მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებს - "ჰომეოპათიურს". "მიწოდების მოცულობები იმდენად მცირეა, რომ ფასებზე არავითარი გავლენა არ ექნება. შუალედურ არჩევნებამდე დაგეგმილი მიწოდება ერთ დღესაც კი არ ეყოფა. შემდგომი მიწოდებებიც, თუკი ისინი განხორციელდება, ფასზე არ აისახება", - განაცხადა ტელეარხ ARD-სთან საუბარში კელნის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა, თომას იეგერმა. მისი თქმით, ტრამპი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ამომრჩევლებს აჩვენოს, თითქოს მათთვის პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
კიევისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მთავარი კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელებზე დიზელის გაყიდვით მიღებული თანხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებას მოხმარდება. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმების შესახებ ცნობა დაემთხვა კვირას, როდესაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის დარტყმების შედეგად 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მიუხედავად ამისა, კარლო მასალა აშშ-სთან შეთანხმებისგან რუსეთისთვის "კონკრეტულ დადებით სამხედრო შედეგებს" არ მოელის. იგი შეგვახსენებს, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისთანავე, ვაშინგტონმა რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციები დროებით უკვე მოხსნა. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფული მიიღო, მას არ გააჩნია სამხედრო სტრატეგია, თუ როგორ წაიწიოს წინ დონბასში, - ამბობს ექსპერტი. - საუბარია უფრო პოლიტიკურ შედეგებსა და სიმბოლიზმზე, რომ ამერიკელები, თითქოსდა, უკრაინელების ხარჯზე რუსეთთან ცალკეულ გარიგებებს დებენ".
კიევის შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, გახდეს აშშ-ის მუქარა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტისა და PURL-ის პროგრამის დაბლოკვის თაობაზე, რომლითაც ევროპელები კიევისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეწყვეტს დარტყმებს რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ცნობები ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება. იმაზე, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ამგვარ მუქარას სერიოზულად აღიქვამს, შესაძლოა, მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინას რუსეთის ფედერაციის ნავთობობიექტებზე დარტყმები არ განუხორციელებია.
თუმცა, კარლო მასალა გვირჩევს, ნაჩქარევი დასკვნები არ გავაკეთოთ. "ის, რომ ერთი დღე-ღამეა დარტყმები არ არის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კიევი ამას დაიცავს", - ამბობს ის. რაც შეეხება აშშ-ის შესაძლო უარს უკრაინისთვის რუსეთის ფედერაციაზე დარტყმებისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემაზე, მისი თქმით, ამის შედეგები, მართალია, კიევისთვის "დრამატული" იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, ნაწილობრივ კომპენსირდეს ევროპული მონაცემებით. ექსპერტის თქმით, საუბარია, უპირველეს ყოვლისა, ფრანგული მხარის მონაცემებზე, რომლებიც "არ არის ისეთი კომპლექსური, როგორც ამერიკული", მაგრამ უკვე გამოიყენება უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ფედერაციაზე ფრანგული შეიარაღებით დარტყმების განსახორციელებლად. ხოლო, რაც შეეხება იარაღს, რომელსაც ევროპელები PURL-ის პროგრამით უკრაინისთვის აშშ-სგან ყიდულობენ, მისი მთავარი კომპონენტი - საჰაერო თავდაცვის გადამჭრელი რაკეტები - ირანში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებისთვის თითქმის მიუწვდომელია, შეგვახსენებს ექსპერტი.