აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველადი გეგმების საწინააღმდეგოდ, პენტაგონი პირდაპირ ეთერში არ გადასცემს ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში მსჯავრდადებული ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯას. მანამდე ამ განზრახვამ ორივე პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის პროცესს არ უყურებს.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიკვდილით დასჯის საჯარო ტრანსლირება "შეიძლებოდა, ძლიერ შემაკავებელ ფაქტორად ქცეულიყო და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ექცევა ამერიკა ტერორისტებსა და ჰასანისნაირ ნაძირალებს".

პენტაგონში განაცხადეს, რომ ჰასანის სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს არის დანიშნული. ტრამპის თქმით, მსხვერპლთა უახლოეს ნათესავებს შეეძლებათ, განაჩენის აღსრულებას პირადად დაესწრონ.

ამ თვის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა საჯარო იქნება. მოგვიანებით პენტაგონმა დაადასტურა, რომ იგეგმება მისი პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. ამან, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ბევრი მიუთითებდა, რომ ასეთი კადრები შესაძლოა, რადიკალიზაციისთვის იქნეს გამოყენებული.

აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ კოუკლიმ დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ჰასანის სიკვდილით დასჯის ტრანსლირების შესახებ და მას "სიკვდილის კულტურის ბარბაროსული დაწინაურება" უწოდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს. ანალოგიური პოზიცია გამოხატეს მაღალი რანგის რესპუბლიკელებმაც, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

გასულ კვირას, პირდაპირ ტრანსლირებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხისას ტრამპმა თქვა: "ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე". ჰასანსა და განაჩენის აღსრულების ფორმაზე საუბრისას პრეზიდენტმა დასძინა: "ის მოკლული იქნება. მას დახვრეტენ. ჩემთვის, პატიოსნად რომ ვთქვა, სულ ერთია, ზუსტად როგორ მოკვდება, მთავარია, რომ მოკვდეს. და მიმაჩნია, რომ სიკვდილით დასჯა მისთვის სავსებით დამსახურებულია".

ჰასანი სამხედრო ფსიქიატრად მსახურობდა მაიორის წოდებით. 2009 წლის 5 ნოემბერს იგი შევიდა ფორტ-ჰუდის ბაზაზე მდებარე სამედიცინო შენობაში, სადაც სამხედრო მოსამსახურეები სამსახურში გაწვევამდე ვაქცინაციისა და სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ხანგრძლივ რიგებში იდგნენ. მან დაიყვირა "ალლაჰუ აკბარ" და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა.

ჰასანი ასევე ესროდა იმ სამხედროებსაც, რომლებიც ავტოსადგომისკენ გაქცევას ცდილობდნენ. 2013 წლის სამხედრო სასამართლოზე იგი აცხადებდა, რომ სურდა, ხელი შეეშალა ჯარისკაცებისთვის ავღანეთში წასვლასა და მისი თანამოძმე მუსლიმების მკვლელობაში, თუმცა მოსამართლემ აუკრძალა ამ არგუმენტის დაცვის მხარედ გამოყენება.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ჰასანს ზურგში ესროლეს, იგი წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და ახლა ეტლით გადაადგილდება.

ამერიკელ სამხედროებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის მიმართ დახვრეტით სიკვდილით დასჯის განაჩენი არ აღუსრულებიათ. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში უკანასკნელი სიკვდილით დასჯა 1961 წლის 13 აპრილს განხორციელდა, როდესაც რიგითი ჯონ ბენეტი ჩამოახრჩვეს.