უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოლიდარობა გამოუცხადა იტალიელ კოლეგას, ანტონიო ტაიანის, მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმებისა და მუქარების გამო. "კიბერსაფრთხეები და მავნებლური თავდასხმები საზღვრებს არ ცნობს და გადამწყვეტ, კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს", - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინას მსგავს საფრთხეებთან გამკლავების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და მზადაა, პარტნიორებს საკუთარი პრაქტიკა გაუზიაროს. "ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ევროპის დაცვაში, ჩვენი საზოგადოებების მდგრადობის განმტკიცებაში, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - მიუთითა მან.

უკრაინელმა მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ტაიანის წინადადებას, განიხილონ კიბერსაფრთხეების პრობლემა პარიზში, G7-ის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მომავალ შეხვედრაზე. დასასრულს, სიბიგამ მადლობა გადაუხადა ტაიანის, იტალიის მთავრობასა და იტალიელებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ისინი, ვინც ჩვენს დაშინებას ცდილობენ, მხოლოდ განამტკიცებენ ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ ერთად", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

წინა დღით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიბერდამნაშავეები უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებენ მის პირად მონაცემებს დარქნეტში და ცდილობენ, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას მასზე და მის ოჯახზე. ანტონიო ტაიანის აზრით, ის ბოროტმოქმედთა სამიზნე იტალიის ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გახდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მომხდარში პრორუსი ჰაკერები დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა კონფიდენციალური ცნობების გაყიდვის მცდელობები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და გადამწყვეტ პასუხს მოითხოვს.

ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მოსკოვი ადრე არაერთხელ უარყოფდა საზღვარგარეთ განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან კავშირს.