ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო, დევნილობაში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. "მე აქ ვარ. თქვენთან ერთად", - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
მისმა მოკავშირემ და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ 59 წლის პოლიტიკოსის დაბრუნება დაადასტურა. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვენესუელელებისთვის", - აღნიშნა მან.
მისი ადგილსამყოფლისა და დაბრუნების გარემოებების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მანამდე, 22 ოქტომბერს, ვენესუელაში ათასობით მომიტინგე მაჩადოს დაბრუნებას მოითხოვდა. კარაკასში დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში.
მარია კორინა მაჩადომ ვენესუელა 2025 წლის დეკემბერში დატოვა. ოპოზიციონერი 2024 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმალებოდა. ხის სათევზაო ნავით გაქცევის დროს მან ერთ-ერთი მალის მოტეხილობა მიიღო.
ნორვეგიაში ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ჩასვლისას პოლიტიკოსი ოსლოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯილდო მისი სახელით ქალიშვილმა მიიღო.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა კარაკასის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შესახებ.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მაჩადოს დაბრუნება დაუკავშირა ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილ მოლაპარაკებებს ქვეყნის პოლიტიკური მომავლის შესახებ. პირობები, რომლებმაც მას სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მისცა, "აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შემრიგებლური მოლაპარაკებების პირდაპირი შედეგი" გახდა, ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ. მოლაპარაკებების პროცესში უკვე გათავისუფლდა ასობით პოლიტპატიმარი, კიდევ ასობით ოპოზიციონერი დაბრუნდა ვენესუელაში დევნილობიდან.
ვენესუელის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ხელისუფლებამ გამარჯვებულად სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციამ უარი თქვა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე და განაცხადა, რომ ხმების უმრავლესობა მისმა კანდიდატმა - ედმუნდო გონსალეს ურუტიამ მიიღო. მადურო ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში იანვრის დასაწყისში დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი წაუყენეს, მათ შორის "ნარკოტერორიზმში".