"რუსეთი ხიდებსა და ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმებით ცდილობს, უკრაინა დნეპრის გასწვრივ გაყოს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.

"დეტალურად განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც გამოწვეულია ჩვენი ხიდებისა და ენერგოსისტემის წინააღმდეგ მიმართული რუსული ოპერაციით — რუსეთი ცდილობს, გაყოს უკრაინა დნეპრის გასწვრივ და მაქსიმალურად გააუარესოს ადამიანების ცხოვრება, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება", — თქვა ზელენსკიმ.

"წინა დღეს ვესაუბრე ურსულა ფონ დერ ლაიენს და ძალიან მადლობელი ვარ ურსულასი მხარდაჭერისთვის, გაგებისთვის. ასევე, იქნება ევროკავშირის დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება", — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის მსგავსი გეგმების შესახებ ზელენსკიმ ევროპელი ლიდერებიც გააფრთხილა, — წერდა წინა დღეს გამოცემა Financial Times წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტმა ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას წამოჭრა და განაცხადა, რომ კრემლს სურს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის იზოლირება დასავლეთ ნაწილისგან.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა FT-ს განუცხადა, რომ რუსეთის გეგმა არა მხოლოდ უკრაინის ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს, არამედ ქვეყნის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ელექტროენერგიის მიწოდების გადაკეტვასაც, რაც ზამთრის პიკში მილიონობით ადამიანს შუქის გარეშე დატოვებს.

ოქტომბრიდან რუსეთმა უფრო აქტიურად დაიწყო დარტყმების მიყენება დნეპრზე არსებულ ხიდებზე — მათ შორის, კიევის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდებზე, რამაც ქალაქის ნაწილებს შორის მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.