უკრაინაში Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე კვლავ შეზღუდულია, რაც უკრაინულ ძალებს საშუალებას არ აძლევს, ეფექტურად ჩაჭრან რუსული რეაქტიული დრონები, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის სულ უფრო აქტიურად გამოიყენება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამანადგურებელი დრონები ოპერატორებთან კავშირს 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარებისას კარგავენ და Shahed-ის ტიპის რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს ვერ ეწევიან.
სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მხოლოდ მიმდინარე კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2300-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, 1590 საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 15 რაკეტა გამოიყენა. 15 ნოემბრის ღამესა და იმავე დღის დილას რუსულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს, სუმის, ოდესის, ჟიტომირისა და კიროვოგრადის ოლქების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმების ქვეშ მოექცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა.
"რუსები "შაჰედებით" ქვესადგურებს უმიზნებენ. ამ დარტყმების დიდი ნაწილი კი სწორედ იმიტომ აღწევს მიზანს, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე შეზღუდვები კვლავ ძალაშია", — აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ასევე პრეზიდენტის ოფისს დაავალა, გაააქტიურონ მუშაობა ამერიკულ მხარესთან და კომპანია SpaceX-თან, რათა Starshield-ის მუშაობაში არსებული შეზღუდვები მოიხსნას. "ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის ენერგეტიკის დაცვა ზამთრის წინ. მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს დგომა. საჭიროა უკრაინის დახმარება", — განაცხადა პოლიტიკოსმა.