უკრაინა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს, — განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან (FT) ინტერვიუში, რომელიც ლონდონში ჩატარდა და ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, კიევმა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები აშშ-ის თხოვნის გათვალისწინებით სამი დღით შეაჩერა, მაშინ, როდესაც მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აგრძელებდა, რასაც გასული კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებში პაუზა აიღო, მისი არმია უკრაინული სამიზნეებისკენ მომავალი ბალისტიკური რაკეტების შესახებ ამერიკული გაფრთხილებების გარეშე დარჩა. გარდა ამისა, უკრაინაში ამერიკული თანამგზავრული ქსელის, Starlink-ის მუშაობა შენელდა, რამაც შეაფერხა ოპერაციები ფრონტის ხაზზე და საშუალო რადიუსის დარტყმები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებზე", - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო ვარაუდები სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და Starlink-ის მუშაობაში არსებული ტექნიკური პრობლემების შესახებ. მისი თქმით, ამერიკელებმა პირდაპირ გააფრთხილეს უკრაინელი სამხედროები სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომის დაბლოკვის შესახებ რუსულ ენერგეტიკაზე დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში, თუმცა მოგვიანებით ეს კიევს ტექნიკურ ხარვეზად წარუდგინეს. "ამიტომ, ახლა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შიდა აკრძალვა მოხსნილია", - დასძინა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკაზე დარტყმებზე უარის თქმამ შესაძლოა, აშშ-სა და რუსეთს მხოლოდ ახალი გარიგებებისკენ უბიძგოს, რაც რუსული სამხედრო მანქანის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს. "საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის დაიდება შემდეგი გარიგება? შესაძლოა, საუბარი იყოს გაზზე. სავარაუდოდ, სწორედ გაზზე", — ივარაუდა მან.
უკრაინის ლიდერმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სწრაფვა მოსკოვთან ბიზნესგარიგებების დადებისკენ და მისი აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ. "ტრამპი ინსტინქტურ ლტოლვას განიცდის ავტოკრატებისა და ზემდიდარი ადამიანების მიმართ, ვინაიდან ხელისუფლების 20, 30, 40 წლის განმავლობაში შენარჩუნება დიდი ძალის ნიშანია", - დარწმუნებულია ზელენსკი.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ურთიერთობა აშშ-სთან, როგორც "პატიოსან" და "სტრატეგიულ" პარტნიორთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც კიევისა და ლონდონის ურთიერთობა. "რუსეთს შეუძლია ომი... ყველას წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ერთად არ ვართ", — განაცხადა მან ბრიტანეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების სერიის შემდეგ.