წინანდლის ისტორიულ მამულში მე-7 საფესტივალო სეზონი დასრულდა. ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს ცნობილი მაესტრო დანიელ ბლენდალფი დირიჟორობდა. დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგა მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ჩელისტი, პაბლო ფერანდესი. შესრულდა დვორჟაკის და გუსტავ მალერის ნაწარმოებები.
დანიელ ბლენდალფი - დირიჟორი:
“მომეცა შესაძლებლობა პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში, წინანდლის ფესტივალზე. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რამდენიმე დღით მემუშავა არაჩვეულებრივ პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად. იმედი მაქვს, მომავალ წელს რეპეტიციების გარდა, კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობ საქართველოში ვიზიტს და მეტის ნახვას მოვასწრებ.”
მე-7 სეზონი მრავალფეროვანი პროგრამით,მუსიკოსთა ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩეოდა და 11 საფესტივალო დღეს და 23 კონცერტს მოიცავდა.
ფესტივალის რეზიდენტმა, პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან,თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, ოთხ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. სწორედ წინანდლის ფესტივალზე დამწყებ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან იმუშაონ და უნიკალური გამოცდილება მიიღონ.
გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი, სილქნეტის და სილქროუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
“წარმატებულად დასრულდა ფესტივალის მეშვიდე სეზონი. მადლობა ყველას, ვინც ამ ზეიმში მიიღო მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული ფესტივალში და ამდენი ბედნიერ მაყურებელს და გუშემატკივარს ვხედავ.”
დაარსების დღიდან წინანდლის ფესტივალის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებაში და ფესტივალის საერთაშორისო აღიარებაში. სილქნეტი 2019 წლიდან წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს, მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს, კლასიკურ შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობას და ყოველწლიურად ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.
დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
“რაც უფრო ვიზრდებით, უფრო მასშტაბური ხდება ფესტივალი. მეშვიდე სეზონმა წარმატებით ჩაიარა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს, საორგანიზაციო და ტექნიკურ გუნდს და ყველა სპონსორს. განსაკუთრებით ფესტივალის ყოველწლიურ წარმდგენს - სილქნეტს. ერთობლივი ძალისხმევა განაპირობებს ფესტივალის წარმატებას.”
წინანდლის ფესტივალის მომდევნო სეზონის ჩატარების თარიღები ცნობილია: 3-დან 13 სექტემბერის ჩათვლით ისტორიული მამული კვლავ დააკავშირებს ვირტუოზ შემსრულებლებს, პან-კავკასიურ ორკესტრს, ცნობილ მაესტროებს და მუსიკის მოყვარულებს. დაანონსდა, რომ მალე წინანდალს კიდევ ერთი სასტუმრო და 1200 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი შეემატება. პროექტზე მუშაობს ლეგენდარული არქიტექტორი კენგო კუმა.