რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ის საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს კომპანია Gunvor შეიძენს. გარიგების ძირითადი პირობები მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია, – ამის შესახებ Lukoil-ის განცხადებაშია ნათქვამი.

Gunvor-ს გადაეცემა კომპანია LUKOIL International-ი, რომელიც Lukoil-ის საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს ფლობს. გარიგების ფინანსური დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

"LUKOIL International-ის გაყიდვა დაკავშირებულია შეზღუდვებთან, რომლებიც რიგმა ქვეყნებმა დააწესეს საჯარო აქციონერული საზოგადოების Lukoil-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ", – ნათქვამია პრესრელიზში.

კომპანია Gunvor-ი 2000 წელს დააარსეს ტორბიო ტორნკვისტმა და გენადი ტიმჩენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. Gunvor-ი მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი უცხოეთში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ პუტინი უშუალოდ იყო დაკავშირებული ტიმჩენკოს საქმიანობასთან ენერგეტიკულ სფეროში, ფლობდა ინვესტიციებს Gunvor-ში და, შესაძლოა, კომპანიის აქტივებზეც ჰქონდა წვდომა. 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ტიმჩენკომ თავისი წილი გაყიდა ტორნკვისტზე, რათა კომპანია სანქციების ქვეშ არ მოხვედრილიყო. გარიგების თანხა არ გამჟღავნებულა. ცნობისთვის 22 ოქტომბერს აშშ-მა სანქციები დააწესა Lukoil-ის და Rosneft-ის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო როგორც თავად კომპანიებს, ისე მათ 34 შვილობილ სტრუქტურას. თუ ამ იურიდიულ პირებთან თანამშრომლები ერთ თვეში არ შეწყვეტენ საქმიანობას, მათ ამერიკული მეორადი სანქციები დაემუქრებათ.

Lukoil-მა სანქციების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს გაყიდის.