„საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად წარდგება ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე - ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შანხაიში გაემგზავრა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

