ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგმა სრულიად გერმანიის მასშტაბით პირველად მიაღწია 30%-იან ნიშნულს, მაშინ როდესაც კონსერვატიული ბლოკის — "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" (CDU) და "ქრისტიანულ-სოციალური კავშირის" (CSU) მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა. ერთი კვირის განმავლობაში CDU/CSU-ის მხარდაჭერა მთელ გერმანიაში 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18%-მდე ჩამოვიდა, იტყობინება სოციოლოგიური ინსტიტუტი Insa.
წინა კვირასთან შედარებით, AfD-ის მხარდაჭერა 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამრიგად, გაზეთ Bild-ისთვის ჩატარებულ კვლევაში ულტრამემარჯვენეები გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბლოკს 12 პუნქტით უსწრებენ.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) რეიტინგი, რომელიც CDU/CSU-სთან ერთად გერმანიის მმართველ კოალიციას ქმნის, გასული კვირიდან არ შეცვლილა და 14%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი აქვს ოპოზიციურ პარტიას "ალიანსი 90/მწვანეები", რომლის მხარდაჭერაც კვირის განმავლობაში 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. "მემარცხენე პარტიის" რეიტინგი 10%-ის დონეზე რჩება. მემარცხენე-პოპულისტურმა "ზარა ვაგენკნეხტის ალიანსმა" (BSW) და "თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ" (FDP) გამოკითხვაში 4-4% დააგროვეს და ხუთპროცენტიან ბარიერს მიღმა დარჩნენ.
ამრიგად, არსებულ პოლიტიკურ პირობებში ორი პარტიისგან კოალიციის შექმნა გამორიცხულია. შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამი ძალის — CDU/CSU-ის, SPD-ისა და "მწვანეების" კოალიცია.