4 ოქტომბრის ღამით, უკრაინულმა დრონებმა ადიღეს რესპუბლიკაზე იერიში მიიტანეს. მაიკოპთან მდებარე "ხანსკაიას" სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შესახებ თავდაპირველად სამონიტორინგო არხებმა დაწერეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც (სბუ) დაადასტურა.
უწყების მონაცემებით, სბუ-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრ "ალფას" დრონებმა დააზიანეს მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სუ-35, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად მიიჩნევა და ასევე, გამანადგურებელ-ბომბდამშენი სუ-34. გარდა ამისა, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მასალების საწყობზეც მიიტანეს. სამიზნემდე მანძილი დაახლოებით 500 კილომეტრს შეადგენს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ორივე თვითმფრინავი მართვადი ავიაბომბების მატარებელია, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ფრონტის ხაზსა და უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ მასობრივად იყენებს.
"მოწინააღმდეგის დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპასუხოდ არ დარჩება", — დასძინეს უკრაინულ სპეცსამსახურში. მანამდე აღნიშნული ობიექტი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნე უკვე იყო.