ბუნდესვერმა ლიეტუვაში გამართულ წვრთნებზე კამიკაძე-დრონების ტაქტიკური გამოყენება პირველად დაამუშავა. ბელარუსის საზღვართან მდებარე რუდნინკაის სამხედრო პოლიგონზე გერმანული მწარმოებლების, Helsing-ისა და Stark-ის უპილოტო საფრენი აპარატები, ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე, საბრძოლო ტანკებისკენ მიმართეს. გამოცდას პირადად აკვირდებოდა გფრ-ის არმიის მომავალი გენერალური ინსპექტორი კრისტიან ფროიდინგი, — იუწყება სააგენტო Reuters.
ეს გამოცდები წვრთნების — "Freedom Shield 26 II" ფარგლებში ჩატარდა. მანამდე ლიეტუვაში გამართულ წვრთნებზე გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა კომპანია Helsing-ის პროგრამული უზრუნველყოფა Clarity გამოცადეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამიზნეების აღმოსაჩენად არის განკუთვნილი. გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა Clarity-ს შეუძლია თანამგზავრებიდან და დრონებიდან მიღებული დიდი მოცულობის მონაცემების გაანალიზება და მოქმედების ვარიანტების შეთავაზება.
ფროიდინგმა დრონებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას თანამედროვე ომის შეუცვლელი ელემენტები უწოდა. მანამდე ის უკრაინისთვის გერმანული შეიარაღების მიწოდებას უწევდა კოორდინაციას, თებერვალში კი ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის თანამდებობა უნდა დაიკავოს. Reuters აღნიშნავს, რომ მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება არმიისთვის ისეთი კამიკაძე-დრონების შესყიდვის შესახებ, როგორებსაც აქტიურად იყენებს ორივე მხარე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.