გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერისთვის ახალი სამხედრო-საზღვაო პორტის აშენება გადაწყვიტა ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, ქვემო საქსონიის ფედერალურ მხარეში მდებარე ქალაქ ემდენში. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა ოლაფ ლისმა სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის მშენებლობის განზრახვის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
"ემდენი კვლავ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა გახდება", - განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, მშენებლობაში რამდენიმე მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. მოსალოდნელია, რომ ახალი პორტი 2030-იანი წლების დასაწყისში იქნება მზად.
ამჟამად გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალები ბუნდესვერის ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანია, თუმცა, ამავდროულად, მათ ყველაზე მასშტაბური და მრავალრიცხოვანი ამოცანების შესრულება უწევთ, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. "ამიტომ, სამხედრო-საზღვაო ფლოტი უნდა გაიზარდოს და ის გაიზრდება კიდეც", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის ასაშენებლად ემდენის შერჩევის გადაწყვეტილება, სხვა ფაქტორებთან ერთად, მისი სტრატეგიული მდებარეობისა და დიდი თავისუფალი ფართობების არსებობის გამო მიიღეს, - აღნიშნავს dpa. ნავმისადგომების რაოდენობისა და მათი სიგრძის ზრდასთან ერთად, იქ ასევე იგეგმება სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდაც. თავდაცვის მინისტრის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ემდენში სამხედრო მოსამსახურეებისთვის 2000-მდე საშტატო პოზიცია შეიძლება შეიქმნას.
ამჟამად გერმანიას ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს - ჰეპენზერ-გროდენის პორტი ვილჰელმსჰაფენში. ჩრდილოეთის ზღვაზე მეორე ბაზის გაჩენა ფლოტს უფრო მოქნილსა და მობილურს გახდის, - ხაზგასმით აღნიშნა ბორის პისტორიუსმა. "სერიოზული კრიზისის შემთხვევაში ჩვენი მოქმედებების პროგნოზირება უფრო გართულდება, ხოლო ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები გაიზრდება. საბოლოო ჯამში, სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა", - მიუთითა მან.
როგორც Tagesschau წერს, ემდენში იგეგმება შვიდი ნავმისადგომის აშენება ფრეგატებისთვის, ათის - ნაღმმწმენდებისთვის და კიდევ ათის - ბუქსირებისთვის, ხოლო თავად პორტი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.
ექსპერტების აზრით, ემდენის გეოგრაფიული უპირატესობა, კერძოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ეს აღმოსავლეთ ქალაქი რუსული საშუალო სიშორის რაკეტების მოქმედების ზონის მიღმა მდებარეობს.