ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ ახალ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, გაართულოს საერთაშორისო სპორტში რუსეთის შემდგომი დაბრუნება. ბრიუსელში მსჯელობენ ვარიანტებზე — ცალკეული სპორტსმენებისთვის სავიზო შეზღუდვებიდან დაწყებული, იმ სპორტული ფედერაციების დაფინანსების შემცირებით დამთავრებული, რომლებიც რუსულ გუნდებსა და ათლეტებს ეროვნული სიმბოლიკით ასპარეზობის ნებას რთავენ, იუწყება გამოცემა Politico.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი წინადადებებს შეიცავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) 16 სექტემბრის დოკუმენტი, რომელსაც ჟურნალისტები გაეცნენ. შესაძლო ზომებს შორის სახელდება საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსულ დროშასა და ჰიმნზე აკრძალვის ძალაში დატოვება, იმ ფედერაციებისთვის ევროკავშირის გრანტების შეზღუდვა, რომლებიც რუსეთს აბრუნებენ, ასევე ზეწოლა ტურნირების სპონსორებსა და მაუწყებლებზე, რომლებიც რუს სპორტსმენებს პლატფორმას უთმობენ.

გარდა ამისა, ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან მოქმედებების კოორდინაციის შესაძლებლობას, ასევე სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკით გამოდიან.

დისკუსიების მიზეზი გახდა მსოფლიო სპორტში რუსეთის პოზიციების ეტაპობრივი აღდგენა ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ფონზე. როგორც Politico აღნიშნავს, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საქმიანობა, რომელმაც 2025 წლის ბოლოს, მსხვილ ოლიმპიურ ფედერაციებს შორის პირველმა დააბრუნა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებზე ეროვნული დროშის ქვეშ.

ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსული სპორტის შემდგომი რეინტეგრაცია მოსკოვმა შესაძლოა, გამოიყენოს პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტად და საერთაშორისო ასპარეზზე დასაბრუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული ჩამოშორების პირველადი ტალღის შემდეგ, რიგმა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება. ამასთან ერთად, გაძლიერდა დისკუსიები 2028 წლის ოლიმპიადაში რუსი სპორტსმენების შესაძლო მონაწილეობაზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ხელმძღვანელი კირსტი კოვენტრი მანამდე ეროვნული ნიშნით სპორტსმენთა დისკრიმინაციის დაუშვებლობის სასარგებლოდ გამოთქვამდა მოსაზრებას. ამასთან, მომავალ ოლიმპიადებზე რუსული დროშისა და ჰიმნის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.

კიევში თანმიმდევრულად აკრიტიკებენ იმ საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებებს, რომლებსაც რუსი სპორტსმენები და ეროვნული სიმბოლიკა აქვთ დაბრუნებული, და აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელს უწყობს რუსული აგრესიის ნორმალიზებას და კრემლის მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენება. ამ ფონზე, ევროკავშირშიც გაძლიერდა მოწოდებები, არ დაუშვან მსოფლიო სპორტში რუსეთის სრული აღდგენა ომის სრულ დასრულებამდე.