საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ კან-სურ-მერში მდებარე ფრანგი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან ოთხი ნახატის ქურდობის გამოძიების ფარგლებში ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის, ორი სავარაუდო მძარცველი. ამის შესახებ Nice Matin და BFM TV იუწყებიან.

თავის მხრივ, სააგენტო AFP საგამოძიებო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხუთი ადამიანია დაკავებული. მარსელის პროკურატურას, რომელიც გამოძიებას კურირებს, პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნულია, რომ დაკავებები ზღვისპირა ალპების, ვარის, ეროსა და დუს დეპარტამენტებში განხორციელდა. რამდენიმე დაკავება მოხდა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ქალაქ როკბრიუნ-კაპ-მარტენში, ასევე ქალაქებში - ფრეჟიუსსა და სანარი-სურ-მერში. პუბლიკაციების თანახმად, ახლა დაკავებულები ნიცაში გამომძიებლებმა "ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის" საქმეზე უნდა დაკითხონ.

ორი უცნობი პირი რენუარის მუზეუმში 8 სექტემბერს, გამთენიისას შეიჭრა. როდესაც შენიშნეს, რომ სათვალთვალო კამერების ობიექტივებში მოხვდნენ, ბოროტმოქმედებმა გაქცევა გადაწყვიტეს. გზად მათ ბაღში ოთხი მოპარული ტილოდან ორი დატოვეს: "მადამ სტეფან პიშონის პორტრეტი" და "კოკო კითხულობს". ამ უკანასკნელზე გამოსახულია მხატვრის უმცროსი ვაჟი, კლოდ რენუარი, მეტსახელად კოკო.

მძარცველებმა შეძლეს, წაეღოთ ნახატები "მადამ კოლონა რომანო" და "ახალგაზრდა ქალი ჭასთან". როგორც ჩანს, ხელოვნების ეს ნიმუშები დღემდე არ არის ნაპოვნი. მათი საერთო ღირებულება 4,2 მილიონ ევროდაა შეფასებული.