საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართა. ორგანიზატორების შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებზე დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა, მათგან 45 000 — პარიზში, — იუწყება სააგენტო AFP. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 82 500 მომიტინგის შესახებ განაცხადა, მათ შორის 21 500-ის — დედაქალაქში. შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია 144 ადამიანი.

ამ დღეს პროტესტმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთი ქალაქიდან არეულობის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. კერძოდ, მარსელში მომიტინგეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც ცეცხლი ავტომობილებსაც მოედო; ლილში აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მარსელსა და ლიონში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შსს-ს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მობილიზებული იყო 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი.

პარიზში გამართულ მსვლელობაზე ჩანდა პროფკავშირების, მემარცხენე პარტიებისა და საპროტესტო მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" დროშები, რომელიც ზუსტად ექვსი წლის წინ ჩამოყალიბდა და მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობაზე ძლიერი ზეწოლა მოახდინა.

დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე ზედიზედ მეექვსე უქმეებია იმართება და მონაწილეთა რაოდენობა ბოლო დროს კლებას განაგრძობს. კერძოდ, გასულ კვირას ორგანიზატორებმა დაახლოებით 200 000 მომიტინგე დათვალეს, პოლიციამ კი — 100 000-ზე ოდნავ მეტი. ოქტომბრის შუა რიცხვებში, ორგანიზატორების მონაცემებით, ქუჩებში 800 000-მდე ადამიანი გამოდიოდა, ხელისუფლება კი 550 000 მომიტინგის შესახებ იუწყებოდა.

ქვეყანაში მასობრივი პროტესტი სექტემბრის ბოლოს მოსწავლეებისა და სტუდენტების გამოსვლებით დაიწყო, რომლებიც სასწავლო დაწესებულებების მდგომარეობითა და მუშაობით იყვნენ უკმაყოფილონი. მოგვიანებით საპროტესტო აქციებში მოსახლეობის უფრო ფართო ფენები ჩაერთნენ, რომლებსაც სოციალური პრობლემები — ძირითადად, ცხოვრების გაძვირება აწუხებდათ. დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა, დაფიქსირდა მაროდიორობის შემთხვევებიც.

საფრანგეთის პროტესტებმა ევროპის სხვა ქვეყნების, კერძოდ, იტალიის, გერმანიისა და ბელგიის ახალგაზრდობასაც უბიძგა ანალოგიური აქციების ჩატარებისკენ.