პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, მიმდინარე ხარჯების შესამცირებლად, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯი, გამოყენებული საწვავის ხარჯი.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 300,000 ლარის ჩათვლით.
პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

